„უოლ სთრით ჯორნალი“ - ილონ მასკი დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიას მილიონობით დოლარით დააფინანსებს
მილიარდერი ილონ მასკი დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიას მილიონობით დოლარით დააფინანსებს. როგორც „უოლ სთრით ჯორნალი“ წერს, მასკი მზადაა, ტრამპის კამპანიას ყოველთვიურად 45 მილიონი დოლარი შესწიროს.
მასკი ამ თანხას პოლიტიკურ ქმედებათა კომიტეტს, America PAC-ს გადაურიცხავს. მანამდე სააგენტო „ბლუმბერგი“ წერდა, რომ მასკმა ამ ორგანიზაციას საიდუმლოდ უკვე გადაურიცხა სოლიდური თანხა.
როგორც „ბლუმბერგი“ წერს, America PAC-ი დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბთან უშუალოდ არ არის დაკავშირებული, თუმცა კულისებიდან მუშაობს აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის სასარგებლოდ. კერძოდ, ატარებს ამომრჩევლების აგიტაციას და მედიაში მასალების განთავსებას კურირებს.
„უოლ სთრით ჯორნალის“ ცნობით, America PAC-ი არეგისტრირებს ამომრჩევლებს ე.წ. მერყევ შტატებში და მოუწოდებს მათ, საკუთარი არჩევანი 5 ნოემბრამდე, ხმის მიცემის დღემდე დააფიქსირონ.
პოლიტიკურ ქმედებათა კომიტეტს აშშ-ში უწოდებენ ორგანიზაციებს, რომლებიც აერთიანებენ პრეზიდენტობის კანდიდატების საარჩევნო კამპანიების დამფინანსებელ დონორებს. ამ კომიტეტებში გადასარიცხი თანხის ოდენობა შეზღუდული არ არის.