„უოლ სთრით ჯორნალი“ - ჩინეთის წარმომადგენელმა ევროპაში ვიზიტის დროს ქვეყნებს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტისა და რუსეთისთვის უკრაინაში ამჟამად ოკუპირებული ტერიტორიების შენარჩუნებისკენ მოუწოდა
ევრაზიის საკითხებში ჩინეთის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ლი ჰუიმ ევროპაში ვიზიტის დროს ქვეყნებს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტისა და რუსეთისთვის უკრაინაში ამჟამად ოკუპირებული ტერიტორიების შენარჩუნებისკენ მოუწოდა, – ამის შესახებ ინფორმაციას „უოლ სთრით ჯორნალი“ ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ ჩინეთის წარმომადგენელს მკაფიო გზავნილები ჰქონდა, რომ აშშ-ის მოკავშირეებმა ევროპაში უნდა დაამტკიცონ თავიანთი ავტონომია და ჩინეთი ვაშინგტონის ეკონომიკურ ალტერნატივად განიხილონ.
ამერიკული გამოცემის ცნობით, ლი ჰუიმ ევროპელებს მოუწოდა, იმოქმედონ სწრაფად რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტის დასასრულებლად, ვიდრე ის უფრო მასშტაბური გახდება.
როგორც ერთ-ერთმა დიპლომატმა „უოლ სთრით ჯორნალს“ განუცხადა, ევროპის სახელმწიფოები უკრაინაში მშვიდობას შესაძლებლად არ თვლიან იქამდე, ვიდრე იქიდან რუსული ჯარები არ გავლენ და ეს არის ზუსტად ის პოზიცია, რომელიც მათ გააჟღერეს ჩინეთის სპეციალურ წარმომადგენელთან.
გამოცემის ცნობით, ევროპელი დიპლომატები ჩინეთის წარმომადგენელთან შეხვედრისას სამი საკვანძო გზავნილის გადმოცემას ცდილობდნენ: პეკინმა უნდა განაგრძოს ზეწოლა რუსეთზე, რათა არ გამოიყენოს ბირთვული იარაღი, არ გაუწიოს რუსეთს სამხედრო დახმარება და დაგმოს მოსკოვის აგრესია. მათ ასევე სთხოვეს ჩინეთს, მხარი დაუჭიროს რუსეთის მიერ ოკუპირებული ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოებას.
ლი ჰუი უკვე იმყოფებოდა უკრაინაში, 26 მაისს კი მოსკოვში ვიზიტს გეგმავს.