„უოლ სტრიტ ჯორნალი“ - სამხრეთ კორეამ უკრაინისთვის საარტილერიო ჭურვების გადაცემა ფარულად დაიწყო
სამხრეთ კორეამ უკრაინისთვის ასობით ათასი საარტილერიო ჭურვის ფარულად გადაცემა დაიწყო, – ამის შესახებ „უოლ სტრიტ ჯორნალი“ წერს. კონფიდენციალური შეთანხმების მიხედვით, სამხრეთ კორეა ჭურვებს აშშ-ს აწვდის, ის კი უკრაინას გაუგზავნის. თუმცა, როგორც გამოცემა აღნიშნავს, ამის შესახებ ოფიციალურ კომენტარს არც თეთრ სახლში აკეთებენ და არც სეულში.
„სამხრეთ კორეა განაგრძობს უკრაინისთვის ასობით ათასი საარტილერიო ჭურვის გადაცემას. ეს არის ნაბიჯი, რომელიც, ამერიკელი მაღალჩინოსნის თქმით, კიევის მიერ რუსული შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ დაგეგმილ იერიშს ეფექტურს გახდის და შესაძლებლობას მისცემს თეთრ სახლს, კასეტური საბრძოლო მასალების მიწოდებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება გადაავადოს“, – ვკითხულობთ სტატიაში.
პენტაგონმა უარი თქვა, განემარტა, როგორ ხდება ჭურვების გადაცემა და როდის დასრულდება, თუმცა აღიარა, რომ სეულთან მოლაპარაკებებს აწარმოებს საბრძოლო მასალების შესყიდვასთან დაკავშირებით.
როგორც გამოცემა წერს, სეულის პოზიცია გასულ თვეს, სამხრეთ კორეის პრეზიდენტის, იუნ სოკ იოლის ვაშინგტონში ვიზიტის შემდეგ შეიცვალა. მაშინ ორმა ქვეყანამ ერთობლივი დეკლარაცია გამოაქვეყნა უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით.