„უოლ სტრიტ ჯორნალი“ - დონალდ ტრამპის რუსეთთან შეთქმულების დოსიეზე ინფორმაციის წყარო „რია ნოვოსტის“ ყოფილი თანამშრომელი იყო
დონალდ ტრამპის რუსეთთან შეთქმულების დოსიეზე ინფორმაციის წყარო „რია ნოვოსტის“ ყოფილი თანამშრომელი ოლგა გალკინა იყო, – ამის შესახებ ინფორმაციას „უოლ სტრიტ ჯორნალი“ (The Wall Street Journal) აქვეყნებს.
ამერიკულმა გამოცემამ დამოუკიდებელი გამოძიება ჩაატარა. გამოცემის ინფორმაციით, გამოძიება ეყრდნობა ინტერვიუებს, აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს ჩანაწერებს და გამოქვეყნებულ დოკუმენტებს.
აღნიშნულია, რომ 2016 წელს გალკინა კვიპროსში მუშაობდა „ექსბითი ჰოლდინგ ესეი“-ის (XBT Holding SA) ფილიალში, რომელიც ალექსეი გუბარევს და ცნობილ ჰოსტინგს, „ვებზილას“ (Webzilla) ეკუთვნოდა. გამოცემის ინფორმაციით, ბრიტანეთის დაზვერვის ყოფილმა ოფიცერმა, ქრისთოფერ სთილმა და გალკინას ყოფილმა თანაკლასელმა, იგორ დანჩენკომ, სთხოვეს მას, დახმარებოდნენ პრეზიდენტობის მაშინდელი კანდიდატის, დონალდ ტრამპის რუსეთთან კავშირების შესახებ პოტენციური კომპრომატული ინფორმაციის გამოვლენაში.
„უოლ სტრიტ ჯორნალის“ თანახმად, ამ დროს გალკინას უთანხმოება ჰქონდა უფროსებთან, რომლებიც მას სამსახურიდან გათავისუფლებით ემუქრებოდნენ. „უოლ სტრიტ ჯორნალის“ მიხედვით, 2016 წლის ნოემბერში გალკინა სამსახურიდან წავიდა და რამდენიმე კვირის შემდეგ დანჩენკოს გადასცა ინფორმაცია მოხსენებისთვის, მათ შორის ბრალდება მისი წინა დამსაქმებლის მიმართ.
როგორც გამოცემა წერს, გალკინა იყო ინფორმაციის წყარო, რომ „ვებზილა“ მონაწილეობდა ჰაკერულ თავდასხმებში 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს. „უოლ სტრიტ ჯორნალის“ თანახმად, სწორედ ოლგა გალკინა მიუთითებდა გუბარევზე, როგორც რუსეთის სპეცსამსახურების მიერ დაქირავებულ ჰაკერზე.
გამოცემის თანახმად, გალკინა სავარაუდოდ იდგა იმ მტკიცების უკან, რომ 2016 წელს ტრამპის ადვოკატმა, მაიკლ კოენმა ფარული შეხვედრა გამართა რუსეთის დაზვერვის ოფიციალურ წარმომადგენლებთან პრაღაში, სადაც მან განიხილა, თუ როგორ უნდა გადაეხადათ ჰაკერებისთვის.
გალკინას რეზიუმეს თანახმად, 2003 წლიდან 2005 წლამდე იგი მუშაობდა სააგენტო „რია ნოვოსტში“, შემდეგ იყო სარატოვის ოლქის გუბერნატორის პრესმდივანი, რის შემდეგაც იგი სარატოვის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილედ მუშაობდა. გარდა ამისა, გალკინა „ცოცხალ ჟურნალში“ ბლოგებს წერდა, მილონგას მეტსახელით.
2016 წელს „ბაზ ფიდმა“ ტრამპის დოსიე გამოაქვეყნა. ანგარიში მომზადებული იყო „ემაი6“-ის (MI6) ყოფილი თანამშრომლის სტილის მიერ. მასში ნათქვამია, რომ 2016 წლის ზაფხულში რუსეთის სპეციალური სამსახურები ტრამპს ინფორმაციას აწვდიდნენ და მას კომპრომატებით აშანტაჟებდნენ. ამავე დროს, პუბლიკაციამ დაადასტურა, რომ მოხსენებაში მოცემული ზოგიერთი ინფორმაცია არ იყო გადამოწმებული და სავარაუდოდ, მათი გადამოწმება შეუძლებელი იყო. ტრამპმა დოსიეს „ყალბი ამბები“ უწოდა.