UNICEF-ის ხელმძღვანელი - აღმოსავლეთ ღუტას ანკლავი იქ დარჩენილი ბავშვებისთვის ამქვეყნიური ჯოჯოხეთია
გაერო-ს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ხელმძღვანელის თქმით, სირიაში, აღმოსავლეთ ღუტას ალყაშემორტყმული ანკლავი იქ დარჩენილი ბავშვებისთვის ამქვეყნიური ჯოჯოხეთია და მათი დახმარება სასწრაფოდაა საჭირო.
სირიის მთავრობა უკვე ორი კვირაა აღმოსავლეთ ღუტას მეამბოხეებისგან გასათავისუფლებლად იერიშს აწარმოებს. მათი მტკიცებით, ამგვარი უკომპრომისო სამხედრო ოპერაცია მეამბოხეებისგან დამასკოს დასაცავად აუცილებლობას წარმოადგენს.
სირიის ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო ჯგუფის საომარი მოქმედებების მონიტორინგის ცნობით, სამხედრო კამპანიის დაწყების შემდეგ იერიშებს უკვე ემსხვერპლა 900 მშვიდობიანი მოქალაქე.
გაერო-ს ცნობით, ანკლავში ჩაკეტილია 400 000 ადამიანი, რომლებიც, სამხედრო ოპერაციის შედეგად, საკვებისა და სამედიცინო საშუალებების გარეშე დარჩნენ.
გაერო-ს ჰუმანიტარული დახმარების კოლონა ორშაბათს აღმოსავლეთ ღუტაში შევიდა, თუმცა მანამდე მათ სირიის სამთავრობო ძალებმა ტვირთის ნაწილი ჩამოართვეს და სამხედრო მოქმედებების განახლების გამო, კოლონას ანკლავის დატოვება დროზე ადრე მოუხდა. ამ მიზეზით მათ ჰუმანიტარული დახმარების ბოლომდე ჩამოტვირთვა ვერ შეძლეს.