უნგრეთის პარლამენტი მომავალ კვირაში არ გეგმავს ნატო-ში შვედეთის გაწევრიანების რატიფიკაციის განხილვას
უნგრეთის პარლამენტი მომავალ კვირაში არ გეგმავს ნატო-ში შვედეთის გაწევრიანების რატიფიკაციის განხილვას

უნგრეთის პარლამენტი მომავალ კვირას არ გეგმავს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში შვედეთის გაწევრიანების რატიფიკაციის განხილვას, – ინფორმაციას ამის შესახებ უნგრული სააგენტო HVG ავრცელებს.

„შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების რატიფიცირება ჯერ კიდევ არ დგას დღის წესრიგში, რაც იმას ნიშნავს, რომ კენჭისყრა, რომელიც უკვე ერთი წლის განმავლობაში რამდენჯერმე გადაიდო, შემოდგომაზე ჩატარდება“, – წერს უნგრული მედია.

მსგავსს ინფორმაციას უნგრეთის ოპოზიციური „დემოკრატიული კოალიციის“ წევრი, აგნეს ვადაი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„ორბანს არც მომავალ კვირას სურს შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებისთვის ხმის მიცემა. პუტინის მსახური!“ – წერს აგნეს ვადაი.

მანამდე მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ უნგრეთის პარლამენტში ნატო-ში შვედეთის გაწევრიანების რატიფიკაციის განხილვა ივლისის დასაწყისში, ნატო-ს სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე იგეგმებოდა.