უნგრეთში ქართული ბიბლიოთეკა გაიხსნა
უნგრეთში ქართული ბიბლიოთეკა გაიხსნა

დედაენის დღესთან დაკავშირებით ბუდაპეშტის ეოტვოშ ლორანდის სახელობის უნივერსიტეტში გამოფენა „ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა“ და უნგრელი ქართველოლოგის, მარტონ იშტვანოვიჩის სახელობის ქართული ბიბლიოთეკის ოფიციალური გახსნის ცერემონია გაიმართა. ღონისძიება დედაენის დღესა და 1989 წლის 9 აპრილის 30 წლისთავს ეძღვნებოდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს უნგრეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ზაალ გოგსაძემ, უნივერსიტეტის რექტორმა ლასლო ბორჰიმ, ამავე უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა გაბორ შონკოიმ და ქართული ენის კურსის ხელმძღვანელმა ბენედეკ ჟიგმონდმა. გამომსვლელებმა ისაუბრეს ქართულ-უნგრულ ლიტერატურულ კავშირებზე, ქართული დამწერლობის უნიკალურობასა და უნგრელი ქართველოლოგის მარტონ იშტვანოვიჩის წვლილზე ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობების განვითარების კონტექსტში.

სიტყვით გამოსვლისას საქართველოს ელჩმა ხაზი გაუსვა დედაენის დღის ისტორიულ როლს, რამაც კიდევ უფრო გააღვივა საქართველოში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა და ქართველი ხალხის მშვიდობიანი ბრძოლა თავისუფლებისათვის. მან ასევე ისაუბრა 1989 წლის 9 აპრილის მოვლენებზე და მათ ისტორიულ მნიშვნელობაზე.

ღონისძიების ფარგლებში საქართველოს ელჩმა უნგრელი ქართველოლოგის, მარტონ იშტვანოვიჩის ქალიშვილს, ესტერ იშტვანოვიჩს ​მადლობის სიგელი გადასცა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ უნგრეთის პოლიტიკური, კულტურული, ლიტერატურული და სამეცნიერო-აკადემიური წრეების, დიპლომატიური კორპუსის, მედიის წარმომადგენლები და ქართველი სტუდენტები.

ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ გაიმართა მიღება, სადაც წარმოდგენილი იყო ქართული ღვინო და მრავალფეროვანი ქართული კერძები.