უნგრეთში არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ

09:16, 22.04.2018

უნგრეთში ათასობით მოქალაქემ არჩევნებში ვიქტორ ორბანის გამარჯვება კიდევ ერთხელ გააპროტესტა.

ბუდაპეშტში გამართულ მანიფესტაციაში ძირითადად ახალგაზრდები მონაწილეობდნენ. მათ ხელში უნგრეთისა და ევროკავშირის დროშები ეჭირათ.

8 აპრილს ჩატარებული არჩევნების შემდეგ, უნგრელები უკვე მეორედ გამოდიან ხალხმრავალ საპროტესტო აქციაზე. ორგანიზატორები ამბობენ, რომ აქციები გაგრძელდება, ვიდრე ორბანი და მისი მთავრობა არ შეიცვლება.

ოპონენტები უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს რასიზმში, სამოქალაქო საზოგადოებაზე ზეწოლასა და არჩევნებში მანიპულაციის გზით გამარჯვებაში სდებენ ბრალს.

ორბანი მილიარდერ ჯორჯ სოროსის საქმიანობას რეგულარულად აკრიტიკებდა. ამის გამო, სოროსის ფონდმა -„ღია საზოგადოებამ“ რეგიონული ოფისის ბუდაპეშტიდან ბერლინში გადატანის გადაწყვეტილება მიიღო.

მსგავსი