უნგრეთში ათასობით მოქალაქემ არჩევნებში ვიქტორ ორბანის გამარჯვება კიდევ ერთხელ გააპროტესტა.
ბუდაპეშტში გამართულ მანიფესტაციაში ძირითადად ახალგაზრდები მონაწილეობდნენ. მათ ხელში უნგრეთისა და ევროკავშირის დროშები ეჭირათ.
8 აპრილს ჩატარებული არჩევნების შემდეგ, უნგრელები უკვე მეორედ გამოდიან ხალხმრავალ საპროტესტო აქციაზე. ორგანიზატორები ამბობენ, რომ აქციები გაგრძელდება, ვიდრე ორბანი და მისი მთავრობა არ შეიცვლება.
ოპონენტები უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს რასიზმში, სამოქალაქო საზოგადოებაზე ზეწოლასა და არჩევნებში მანიპულაციის გზით გამარჯვებაში სდებენ ბრალს.
ორბანი მილიარდერ ჯორჯ სოროსის საქმიანობას რეგულარულად აკრიტიკებდა. ამის გამო, სოროსის ფონდმა -„ღია საზოგადოებამ“ რეგიონული ოფისის ბუდაპეშტიდან ბერლინში გადატანის გადაწყვეტილება მიიღო.