უნგრეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა უნგრეთის შეთანხმება ჩინეთთან, რომელიც ითვალისწინებს მათ ერთობლივ პატრულირებას უნგრეთში
უნგრეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა უნგრეთის შეთანხმება ჩინეთთან, რომელიც ითვალისწინებს მათ ერთობლივ პატრულირებას უნგრეთში

უნგრეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა უნგრეთის შეთანხმება ჩინეთთან, რომელიც ითვალისწინებს მათ ერთობლივ პატრულირებას უნგრეთში.

„ორივე ქვეყნის სამართალდამცავებს საშუალება ექნებათ, განახორციელონ ერთობლივი პატრულირება, რაც უზრუნველყოფს ორივე ქვეყნის მოქალაქეებსა და ხელისუფლებას შორის უფრო ეფექტურ კომუნიკაციას, შიდა უსაფრთხოების გაუმჯობესებასა და საზოგადოებრივ წესრიგს“, – აღნიშნულია უნგრეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

როგორც „ევროპეისკაია პრავდა“ წერს უნგრულ გამოცემაზე დაყრდნობით, ერთობლივი პატრულირება შეიძლება სასარგებლო იყოს ტურისტულ სეზონზე ყველაზე პოპულარულ ადგილებში და მთავარ ღონისძიებებზე, სადაც, შესაძლოა, ჩინეთის ბევრი მოქალაქე იყოს.

სამინისტრომ ასევე აღნიშნა, რომ საუბარი არ არის უპრეცედენტო თანამშრომლობაზე, უნგრეთს მსგავსი შეთანხმებები აქვს ხორვატიასა და ავსტრიასთან.

გერმანულმა გამოცემამ, „ველტმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უნგრეთმა და ჩინეთმა გააფორმეს ისეთი შეთანხმება, როგორიც ჩინეთს უკვე აქვს სერბეთთან.

მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩინეთს აქვს ე.წ. მომსახურების ცენტრები თავისი მოქალაქეებისთვის ევროპის ქვეყნებში, რომლებიც, რეალურად, პოლიციის განყოფილების ფუნქციას ასრულებენ.

უნგრეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მათთვის არ არის ცნობილი ქვეყანაში მსგავსი მომსახურების ცენტრების შესახებ, თუმცა მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უნგრეთში ორი ასეთი მომსახურების ცენტრი ფუნქციონირებს.