უნგრეთის მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების საკითხს პარლამენტი 26 თებერვალს უყრის კენჭს
უნგრეთის მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების საკითხს პარლამენტი 26 თებერვალს უყრის კენჭს

უნგრეთის პარლამენტი შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების საკითხს ორშაბათს, 26 თებერვალს უყრის კენჭს. ინფორმაციას ამის შესახებ მმართველი პარტიის, „ფიდესის“ ლიდერი მატე კოშიჩემი ავრცელებს.

კოშიჩემის თქმით, 26 თებერვალს პარლამენტის დღის წესრიგშია შვედეთის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების განაცხადის რატიფიცირება და მმართველი პარტიის დეპუტატებს განზრახული აქვთ, მხარი დაუჭირონ მას.

მანამდე უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების საკითხს უნგრეთის პარლამენტი საგაზაფხულო სესიის დასაწყისში განიხილავს.

შეგახსენებთ, რომ თებერვლის დასაწყისში ვიქტორ ორბანის პარტიის წევრებმა ბოიკოტი გამოუცხადეს უნგრეთის პარლამენტის სხდომას, სადაც შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების პროტოკოლის რატიფიცირება უნდა მომხდარიყო. მმართველი პარტიის, „ფიდესის“ წევრები პარლამენტის სხდომაზე არ მივიდნენ.