უნგრეთი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საზღვარს კეტავს, ასევე, სასურსათოების გარდა, ქვეყანაში ყველა მაღაზია დაიხურება
უნგრეთი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საზღვარს კეტავს. ამის შესახებ განცხადება უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა გააკეთა. ქვეყანაში შესვლის უფლება მხოლოდ უნგრეთის მოქალაქეებს ექნებათ.
გარდა ამისა, პრემიერ-მინისტრის განკარგულებით, აიკრძალება კულტურული ღონისძიებების გამართვა. რესტორნები და კაფეები კი, 15:00 საათამდე იმუშავებს. სასურსათოების გარდა, ყველა მაღაზია დაიხურება.
ორბანმა ასევე მოუწოდა 70 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს, დარჩნენ სახლებში და ქუჩაში გასვლას მოერიდონ.
„მომდევნო თვეებში ცხოვრება ისეთი აღარ იქნება, როგორიც იყო“, – განაცხადა ორბანმა.
მისივე თქმით, მოსალოდნელია ეკონომიკური პრობლემები, თუმცა მთავრობა კორონავირუსის შედეგების აღმოსაფხვრელ ზომებზე მუშაობს.
უნგრეთში ახალი კორონავირუსი 32 ადამიანს დაუდგინეს. ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა და ერთი დაიღუპა.