უნგრეთი და სლოვაკეთი „ბუქარესტის ცხრიანის“ სამიტს წელს არ ესწრებიან 
უნგრეთი და სლოვაკეთი „ბუქარესტის ცხრიანის“ სამიტს წელს არ ესწრებიან 

ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის ლიდერებს უკრაინის მხარდასაჭერად უფრო კოორდინირებული მიდგომა ექნებათ, – ამის შესახებ ლატვიის პრეზიდენტმა, ედგარს რინკევიჩუმა რიგაში განაცხადა, სადაც „ბუქარესტის ცხრიანის“ სამიტი მიმდინარეობს.

ღონისძიებაზე უნგრეთისა და სლოვაკეთის წარმომადგენლები არ იმყოფებიან.

პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა აცხადებს, რომ სამიტზე უნგრეთის არყოფნა აღმოსავლეთ ფლანგის ერთიანობაზე გავლენას არ ახდენს.

რაც შეეხება სლოვაკეთს, როგორც ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტეს, მოქმედ პრეზიდენტს, ზუზანა ჩაპუტოვას მიმდინარე კვირაში უფლებამოსილების ვადა ეწურება, პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო კი თავდასხმის შემდეგ რეაბილიტაციას გადის.

სამიტს ესწრებიან ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი, ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ შტუბი და შვედეთის პრემიერ-მინისტრი ულფ კრისტერსონი.

„ბუქარესტის ცხრიანში“ შედიან: ბულგარეთი, ჩეხეთი, ესტონეთი, უნგრეთი, ლატვია, ლიეტუვა, პოლონეთი, რუმინეთი და სლოვაკეთი.