უნგრელი დეპუტატი ლორინც ნაჩა - ევროკავშირის გადაწყვეტილება სამარცხვინო იყო, საქართველოს უნდა მიეღო კანდიდატის სტატუსი
უნგრელი დეპუტატი ლორინც ნაჩა - ევროკავშირის გადაწყვეტილება სამარცხვინო იყო, საქართველოს უნდა მიეღო კანდიდატის სტატუსი

ვფიქრობთ, ევროკავშირის გადაწყვეტილება სამარცხვინო იყო, საქართველოს უნდა მიეღო კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ უნგრეთის პარლამენტში მოქმედი საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარემ, ლორინც ნაჩამ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფორმატში, საქართველოსა და უნგრეთის დელეგაციების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

უნგრელი დეპუტატის თქმით, საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას უნგრეთის პარლამენტშიც და მთავრობაშიც მტკიცედ უჭერენ მხარს.

„მქონდა ძალიან კარგი შეხვედრა ქართველ მეგობრებთან. ვისაუბრეთ საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე. ჩვენ უნგრეთის პარლამენტშიც და მთავრობაშიც საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას მტკიცედ ვუჭერთ მხარს. ვისაუბრეთ, ევროკავშირის ზაფხულის გადაწყვეტილებაზეც, რაც ვფიქრობთ, სამარცხვინო იყო. საქართველოს უნდა მიეღო კანდიდატის სტატუსი. ძალიან გვიხარია, რომ ჩვენი ქართველი მეგობრები ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე იმყოფებიან, სადაც შეგვიძლია, ვითანამშრომლოთ უსაფრთხოების საკითხებზე, ჩვენს მომავალზე და საერთო ინტერესებზე. წინ, საქართველო“, – განაცხადა ლორინც ნაჩამ.

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის დელეგაცია მადრიდში შეხვედრებს მართავს. საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიასთან ერთად არიან საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ხელაშვილი და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეები: ვლადიმერ ჩაჩიბაია და თეონა აქუბარდია.