უმედლო პირველი დღე ეკატერინბურგის გრანდ სლემზე (ვიდეო)
უმედლო პირველი დღე ეკატერინბურგის გრანდ სლემზე (ვიდეო)

 

დღეს ეკატერინბურგში მიმდინარე წლის მესამე გრანდ სლემი დაიწყო. ირაკლი ცირეკიძის გუნდიდან პირველ დღეს ასპარეზობაში ორი ძიუდოისტი ჩაერთო და ორივე მათგანი ტურნირს საწყის ეტაპზევე გამოეთიშა.

-60 კილოგრამ წონით კატეგორიაში პირველივე ორთაბრძოლა დათმო ამირან პაპინაშვილმა. საქართველოს ნაკრების უმსუბუქესმა წევრმა, იაპონელ იომა ოსჰიმასთან ორ წუთსა და 40 წამში ორი ვაზარით წააგო.

ამ წონის ფინალში ერთმანეთს საბოლოოდ ყაზახი იელდოს სმეტოვი და რუსი ისლამ იაშუევი შეხვდებიან.

1/6 ფინალიდან ჩაერთო და ერთი წრე გაიარა – ზვიად კაპანაძემ. -73 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე საქართველოს უკანასკნელი ჩემპიონატის ფინალისტმა, პირველ შეხვედრაში, პორტუგალიელ ნუნო სარავიას ვაზარი წუთსა და ხუთ წამში აუღო, რის შემდეგაც ქვეჭიდში ბრძოლა განაგრძო და მეტოქე შებოჭვაზეც დაიჭირა და სუფთა გამარჯვებაც მოიპოვა.

მერვედფინალში კაპანაძე სომხეთის ნაკრების წევრ ფერდინანდ კარაპეტიანს დაუპირისპირდა. წუთსა და 40 წამში არბიტრმა სომეხი ძიუდოისტის სასარგებლოდ იპონი დააფიქსირა, თუმცა, საბოლოოდ, გადაწყვეტილება შეცვალა და ვაზარით გადააკეთა. მიუხედავად ამისა, კაპანაძემ ეს შანსი ვერ გამოიყენა და დარჩენილ დროში სიტუაცია აღარ შეცვლილა.

კარაპეტიანი, საბოლოოდ, ფინალში გავიდა, სადაც მონღოლ ცოგანბაათარ ცენდ ოჩირს დაუპირისპირდება.

დღესვე გაიმართა შეხვედრები -66 კილოგრამშიც, სადაც საქართველოს წარმომადგენელი არ ჰყოლია. საბოლოოდ კი ამ წონაში ოქროს მედლისთვის იაპონელი ჰიფუმი აბე და რუსი აბდულა აბდულზალილოვი იბრძოლებენ.

ამ წონების ჩემპიონ-პრიზიორები დღეს გამოვლინდებიან, ხვალ კი ასპარეზობაში ვაჟთა დარჩენილი ოთხი წონითი კატეგორიის (-81; -90; -100; +100) ძიუდოისტები ჩაერთვებიან, რომლებშიც მედლების მოპოვებას ექვსი ქართველიც შეეცდება.