ულრიკ ჰააგერუპი - ჟურნალისტიკა ერთნაირი გამოწვევების წინაშეა როგორც საქართველოში, ისე დანიაში, ვსაუბრობთ, რა არის საერთო პრობლემები, რატომ არის მნიშვნელოვანი, ვაკეთოთ საქმე განსხვავებულად
ჟურნალისტიკა ერთნაირი გამოწვევების წინაშე დგას როგორც საქართველოში, ისე დანიაში, – ამის შესახებ დანიის კონსტრუქციული ჟურნალისტიკის ინსტიტუტის დამფუძნებელმა, ულრიკ ჰააგერუპმა განაცხადა, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის მოწვევით, პირველი არხის ჟურნალისტებისთვის ვორქშოპს ატარებს.
ჰააგერუპის თქმით, პირველი არხის ჟურნალისტებისთვის დღეს მიმდინარე ვორქშოპზე საუბარი შეეხება საერთო პრობლემებს და მათი გადაჭრის გზებს კონსტრუქციული ჟურნალისტიკის საშუალებით.
„უპირველეს ყოვლისა, ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმ ადამიანების ცნობისმოყვარეობამ და გონებაგახსნილობამ, რომელთა მასპინძლობის საშუალება გვქონდა ორჰუსში. ძალიან სახალისო და საინტერესო იყო იმის ნახვა, რომ ჟურნალისტიკა ერთნაირი გამოწვევების წინაშე დგას როგორც თქვენს ქვეყანაში, ისე ჩემსაში და ზოგადად, ყველგან. ჩემზე ასევე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმ ფაქტმა, რომ თქვენ, როგორც კომპანიას, გადაწყვეტილი გაქვთ, რომ გინდათ შეცვლა, წინსვლა და საქმის განსხვავებულად კეთება და ფიქრობთ, რომ ამის საფუძველი შეიძლება, იყოს კონსტრუქციული ჟურნალისტიკა. ჩემთვის ეს დიდი პატივია. მე ასევე ვარ გაკვირვებული და უპირველეს ყოვლისა, მოხარული აქ მყოფი ადამიანების რაოდენობით და მათი დაინტერესებით. ჩვენ ვსაუბრობთ, რა არის ჩვენი საერთო პრობლემები და რატომ არის მნიშვნელოვანი, ვაკეთოთ საქმე ცოტა განსხვავებულად“, – განაცხადა ულრიკ ჰააგერუპმა.
დანიის კონსტრუქციული ჟურნალისტიკის ინსტიტუტის დამფუძნებელი და წიგნის „კონსტრუქციული ახალი ამბები“ ავტორი ულრიკ ჰააგერუპი საზოგადოებრივი მაუწყებლის მოწვევით, საქართველოს სტუმრობს. ვიზიტის პირველ დღეს ულრიკ ჰააგერუპი პირველი არხის პროდიუსერების, რედაქტორებისა და ჟურნალისტებისთვის ვორქშოპს ატარებს, რომელსაც მთელი დღე დაეთმობა და მოიცავს როგორც პრაქტიკული, ასევე თეორიული ცოდნის გაზიარებას. ხვალ, 18 ნოემბერს კი გაიმართება კონფერენცია „კონსტრუქციული ახალი ამბები“, რომლის მიზანია, პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს გააცნოს კონსტრუქციული ჟურნალისტიკის მიდგომა, რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებელი უკვე პრაქტიკაში იყენებს.