ივანე მახარაძე - მკვეთრად პოლარიზებულ მედიაგარემოში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი მაუწყებლის როლი და მოხარული ვარ, რომ დისკუსიას მართავს კონსტრუქციულ ჟურნალისტიკაზე
ივანე მახარაძე - მკვეთრად პოლარიზებულ მედიაგარემოში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი მაუწყებლის როლი და მოხარული ვარ, რომ დისკუსიას მართავს კონსტრუქციულ ჟურნალისტიკაზე

მედიაგარემო როდესაც ასე მკვეთრად პოლარიზებულია, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საზოგადოებრივ მაუწყებელს, მნიშვნელოვანია მისი როლი ამ პოლარიზებულ მედიაგარემოში, – ამის შესახებ კომუნიკაციების კომისიის წევრმა, ივანე მახარაძემ განაცხადა, რომელიც ესწრება თბილისში მიმდინარე კონფერენციას „კონსტრუქციული ახალი ამბები“.

„დღევანდელ დღეს, როდესაც მედიაგარემო ასე მკვეთრად პოლარიზებულია, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საზოგადოებრივ მაუწყებელს. მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი მაუწყებლის როლი ამ პოლარიზებულ მედიაგარემოში. სწორედ ამიტომ, ძალიან მოხარული ვარ, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს ამ დონის ექსპერტები ჩამოჰყავს საქართველოში და დისკუსიას მართავს ისეთ საჭირო საკითხებზე, როგორიც არის კონსტრუქციული ჟურნალისტიკა“, – აღნიშნა ივანე მახარაძემ.

დანიის კონსტრუქციული ჟურნალისტიკის ინსტიტუტის დამფუძნებლის, ულრიკ ჰააგერუპის ვიზიტის ფარგლებში, თბილისში, კონფერენცია „კონსტრუქციული ახალი ამბები“ სასტუმრო „რადისონში“ მიმდინარეობს.

ვიზიტის პირველ დღეს, ულრიკ ჰააგერუპმა პირველი არხის პროდიუსერების, რედაქტორებისა და ჟურნალისტებისთვის ვორქშოპი ჩაატარა, რომელიც მოიცავდა როგორც პრაქტიკული, ასევე თეორიული ცოდნის გაზიარებას. საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებიდან 11-მა უკვე გაიარა გადამზადების კურსი დანიის კონსტრუქციული ახალი ამბების ინსტიტუტში. უახლოეს მომავალში კიდევ ოთხი მიემგზავრება, წლის ბოლომდე კი პირველი არხის 18 ჟურნალისტი იქნება კონსტრუქციული ჟურნალისტიკის მიმართულებით გადამზადებული.