ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი აპირებს, ოთხშაბათს, 6 დეკემბერს დაკითხვაზე საკუთარი ნებით მივიდეს – ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.
censor.net.ua-ს ინფორმაციით, ჟურნალისტებს მიხეილ სააკაშვილის პრესმდივანმა დარია ჩიჟმა განუცხადა, რომ სააკაშვილი დამალვას არ აპირებს და დაკითხვაზე გამოცხადდება.
24tv.ua-ს ინფორმაციით კი, სააკაშვილმა უკრაინის რადასთან პოლიციელებს მიმართა.
„ამბობდნენ, რომ ვიძებნები. პოლიციელებო, მე აქ ვარ, მზად ვარ. თუმცა, არ გირჩევთ, უკანონო ბრძანებები შეასრულოთ“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილს უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ მოუწოდა, თავად გამოცხადდეს საგამოძიებო უწყებაში. ლუცენკოს განცხადებით, 24 საათის შემდეგ, უკრაინის სამართალდამცავი ორგანოები ყველაფერს გააკეთებენ, რომ სააკაშვილი გამოძიების წინაშე წარდგეს.
საქართველოს ექსპრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი კიევში დააკავეს, თუმცა მოგვიანებით, მხარდამჭერებმა სპეცდანიშნულების რაზმის მანქანიდან მისი გამოყვანა მოახერხეს.