იური ლუცენკო - ყველაფერს გავაკეთებთ, რომ აპატრიდი სააკაშვილი გამოძიების წინაშე წარდგეს
იური ლუცენკო - ყველაფერს გავაკეთებთ, რომ აპატრიდი სააკაშვილი გამოძიების წინაშე წარდგეს

უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ სააკაშვილს მოუწოდა, თავად გამოცხადდეს საგამოძიებო უწყებაში. ამის შესახებ იური ლუცენკომ უმაღლეს რადაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პროკურორმა რადას წევრებს ოდესის ყოფილი გუბერნატორისა და მისი თანაგუნდელების საქმის გამოძიების დეტალები გააცნო.

ლუცენკოს განცხადებით, 24 საათის შემდეგ, უკრაინის სამართალდამცავი ორგანოები ყველაფერს გააკეთებენ, რომ აპატრიდი სააკაშვილი გამოძიების წინაშე წარდგეს.

„მოვუწოდებ სააკაშვილს, ერთხელ მაინც გამოიჩინოს კაცური სიბრძნე და პასუხისმგებლობა საკუთარ სიტყვებზე. მოვუწოდებ, შეწყვიტოს ტყუილის გავრცელება, უკრაინელების დაპირისპირება და თავად გამოცხადდეს საგამოძიებო ორგანოში“, – განაცხადა ლუცენკომ.

მისივე თქმით, სააკაშვილის გაქცევის შემდეგ, პროკურატურის მიერ ოდესის ყოფილი გუბერნატორისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შინაპატიმრობის გამოყენების გადაწყვეტილება შეიძლება გადაიხედოს.

უკრაინის გენერალურმა პროკურორმა საგამოძიებო ორგანოებთან თანამშრომლობისკენ მოუწოდა მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებსაც.

„ვთავაზობთ ყველას, ვინც იმყოფება კარვების ქალაქში, უყუროს ჩვენ მიერ გავრცელებულ კადრებს და 24 საათში თავად გააანალიზოს სიტუაცია. მე ვრჩები ჩემს პოზიციაზე და ვეცდებით, ამ შეკრების მონაწილეების წინააღმდეგ ძალის გამოყენებას მოვერიდოთ, რასაც ისინი უკვე დიდი ხანია ელოდებიან“, – განაცხადა ლუცენკომ.