უკრაინული მედიის ინფორმაციით, ვლადიმირ ზელენსკი რუსეთთან სრულმასშტაბიანი ომის შესაძლებლობას არ გამორიცხავს
უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი რუსეთთან სრულმასშტაბიანი ომის შესაძლებლობას არ გამორიცხავს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
„მიმაჩნია, რომ შესაძლებელია. ჩემი აზრით, 2014 წელს რუსეთმა ამ მიმართულებით ერთი ნაბიჯი გადადგა. მადლობა ღმერთს, უკრაინელების დამსახურებით ისინი შევაჩერეთ“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკი არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის დაძაბულობის ესკალაცია ნატო-ში გაწევრიანების შესახებ უკრაინის სურვილზეა დამოკიდებული. მისი თქმით, 2014 წელს უკრაინას ნატო-ში გაწევრიანების სურვილი დეკლარირებული არ ჰქონდა, თუმცა მიუხედავად ამისა, რუსეთმა მაინც დაიწყო ომი.
„ვფიქრობ, ეს იქნება რუსეთის ყველაზე დიდი შეცდომა და ამის შემდეგ არასდროს იარსებებს რუსეთის, უკრაინის, ბელარუსის მეზობლობა. რატომ ბელარუსი? რადგან ვხვდებით, რომ მათ ტერიტორიებზე რუსეთი იმყოფება. ვფიქრობ, მსოფლიო უკვე შეიცვალა, ამიტომ ეს ყველაზე ცუდი რამ არის, რაც შეიძლება მოხდეს. თუმცა სამწუხაროდ, ამის შესაძლებლობა არსებობს“, – განაცხადა ვლადიმირ ზელენსკიმ.