უკრაინული მედიის ინფორმაციით, ქალაქ ხერსონის შესასვლელებთან რუსეთის არმიამ საგუშაგოები მოაწყო
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ქალაქ ხერსონის შესასვლელებთან რუსეთის არმიამ საგუშაგოები მოაწყო

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა უკრაინის ქალაქ ხერსონს ალყა შემოარტყეს.

მედიის ცნობით, ხერსონის მერი ამბობს, რომ ქალაქის შესასვლელებთან რუსეთის არმიამ საგუშაგოები მოაწყო.

„ხერსონის შესასვლელებთან რუსეთის არმიამ საგუშაგოები მოაწყო. როგორ განვითარდება სიტუაცია, ძნელი სათქმელია. მაგრამ ახლა მე ჩემს ოფისში ვარ და კოორდინაციას ვუწევ საქალაქო სამსახურების მუშაობას. ჩვენ ყველას არ გვძინავს მრავალი დღე ზედიზედ, ყველა დაღლილი ვართ, როგორც თქვენ. მაგრამ ეს არ არის დაუფიქრებელი მოქმედების მიზეზი“, – აღნიშნა ხერსონის მერმა, იგორ კოლიხაევმა.

როგორც მედია იუწყება, ხერსონის გარეუბნებში, ანტონოვსკის ხიდის, კაზაკთა და ვესელის რაიონებში მცხოვრები მოსახლეობის ევაკუაცია დაბომბვების გამო წინა დღით განხორციელდა. გავრცელებული ცნობით, რუსი სამხედროები ავტომობილებს ესვრიან და მოქალაქეებს ტელეფონებს ართმევენ. „ისინი მთელ გარეუბნებში არიან. ხერსონის მცხოვრებლები მათ ზიანს აყენებენ, გზებს შეძლებისდაგვარად კეტავენ. გუშინ უკვე გართულდა მაღაზიებში საკვების მიტანა, რადგან საწყობები ქალაქგარეთ მდებარეობს. მაგრამ ჩვენ გვაქვს ყველაფერი რაც გვჭირდება“, – აცხადებს „უკრაინა 24“-ის ერთ-ერთი ჟურნალისტი.

თავად რაიონულ ცენტრში არის დენი, წყალი და გათბობა – მუშაობს ქალაქის მუნიციპალური სამსახურები.