უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ხარკოვის ოლქის დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა
უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ხარკოვის ოლქის დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა. გავრცელებული ცნობით, რუსმა სამხედროებმა ქალაქი ხარკოვი და ოლქის დასახლებული პუნქტები „ეს 300“-ის საზენიტო სისტემებით დაბომბეს.
ხარკოვში რაკეტა საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა. გასულ ღამეს უკრაინის აღმოსავლეთ და სამხრეთ რეგიონებში საჰაერო განგაში გამოცხადდა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსმა სამხედროებმა ხერსონის პორტი დაბომბეს, რის შემდეგაც დნეპრში ნავთობი ჩაიღვარა.
გასული დღის განმავლობაში რუსმა სამხედროებმა ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემიდან 24 შეტევა განახორციელეს. უკრაინის არმიის გენშტაბის ინფორმაციით, რუსი სამხედროები შეტევას ოთხი მიმართულებით: ბახმუტის, ავდეევკის, ლიმანისა და ნოვოპავლოვსკის რაიონებში ახორციელებს.