უკრაინული მედიის ინფორმაციით, ქვეყნის ხელისუფლება საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დმიტრო კულებას შეცვლას განიხილავს
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ქვეყნის ხელისუფლება საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დმიტრო კულებას შეცვლას განიხილავს

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ქვეყნის ხელისუფლება საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დმიტრო კულებას შეცვლას განიხილავს.

გავრცელებული ცნობით, უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელის გავლენა შემცირდა ელჩების დანიშვნის საკითხებში და საგარეო პოლიტიკის გადაწყვეტილების მიღების სფეროში.

„საგარეო საქმეთა მინისტრის გავლენის შემცირების მიზეზი ის არის, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი კულებას კონკურენტად ხედავს არა მხოლოდ საგარეო პოლიტიკის გზაზე, არამედ ზელენსკისთვის ინფორმაციის მიწოდებაშიც“, – წერს უკრაინული მედია.

გავრცელებული ინფორმაციით, დმიტრო კულება, შესაძლოა, უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ, ანდრეი სიბიგამ ან უკრაინის პარლამენტის საგარეო პოლიტიკისა და საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ალექსანდრე მერეჟკომ შეცვალონ.

უკრაინული მედია წერს, რომ ზელენსკი ან უარყოფს საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ ელჩების თანამდებობებზე წარდგენილ კანდიდატებს, ან აჭიანურებს მათ დანიშვნას, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის ოცამდე საელჩო, მათ შორის ბელგიაში, დიდ ბრიტანეთსა და უნგრეთში ხელმძღვანელის გარეშეა.