უკრაინული მედიის ინფორმაციით, ქალაქ სლავუტიჩში, სადაც უკრაინის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობდა, რუსი სამხედროები შეიჭრნენ
რუსი სამხედროები კიევის ოლქის დაქვემდებარებაში არსებულ ქალაქ სლავუტიჩში შეიჭრნენ. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია კიევის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ალექსანდრ პავლიუკზე დაყრდნობით ავრცელებს.
პავლიუკის ცნობით, ოკუპანტებმა დაიკავეს ქალაქის საავადმყოფო და გაიტაცეს მერი იური ფომიჩევი.
კიევის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ასევე აცხადებს, რომ რუსმა სამხედროებმა ჰაერში ცეცხლი გახსნეს უკრაინის მხარდამჭერ დემონსტრაციაზე, ასევე ისროლეს შუქ-ხმოვანი ყუმბარა. პავლიუკის ინფორმაციით, ამის მიუხედავად, დემონსტრაციაზე შეკრებილი ხალხი არ დაშლილა. მოქალაქეები საავადმყოფოსკენ მიემართებიან, რომელიც ოკუპანტებს აქვთ დაკავებული.
ქალაქი სლავუტიჩი 1986 წელს არის დაარსებული ჩერნობილის ატომური სადგურის კატასტროფის ზონიდან ევაკუირებულთათვის.