უკრაინული მედიის ცნობით, კიევს ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპის საუბრის ორგანიზება სურს
უკრაინული მედიის ცნობით, კიევს ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპის საუბრის ორგანიზება სურს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული გამოცემა „სტრანა“ ავრცელებს.
როგორც ჟურნალისტები უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ანონიმურ წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყებიან, ტრამპთან საუბარი, სავარაუდოდ, უკრაინის პრეზიდენტის აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში შედგება.
ანონიმური წყაროს თქმით, კიევში მიიჩნევენ, რომ დონალდ ტრამპი, ფაქტობრივად, აკონტროლებს რესპუბლიკელების უმრავლესობას კონგრესში, სადაც უკრაინის დაფინანსების გაზრდის საკითხი დაბლოკილია.
„უკრაინის პრეზიდენტის ოფისში ამას აცნობიერებენ, ამიტომ ცდილობენ ტრამპისა და ზელენსკის მოლაპარაკებების ორგანიზებას“, – აცხადებს „სტრანასთან“ საუბარში უკრაინის პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენელი.
ამ ფონზე აშშ-ში იმყოფება ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი. მისი თქმით, აშშ-ში ვიზიტისას ის გამართავს შეხვედრებს თეთრ სახლში, კონგრესში, ანალიტიკურ ცენტრებში და საზოგადოების წარმომადგენლებთან. განსახილველ თემებს შორის იქნება „მშვიდობის ფორმულა“, უკრაინის თავდაცვის გაძლიერება და აშშ-ისა და უკრაინის ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცება.
ცნობისთვის, ოქტომბრის ბოლოს აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატამ, სადაც უმრავლესობა რესპუბლიკელებს ჰყავთ, მხარი დაუჭირა ისრაელისთვის 14,3 მილიარდი დოლარის ღირებულების ფინანსური პაკეტის გამოყოფას. თუმცა პაკეტი არ მოიცავდა უკრაინის დახმარებას. თავის მხრივ, კონგრესის ზედა პალატამ, სადაც უმრავლესობა დემოკრატებს აქვთ, აღნიშნული პაკეტის გამოყოფა დაბლოკა, რადგანაც მათ სურთ, რომ, ისრაელთან ერთად, პაკეტში უკრაინის ფინანსურის დახმარების გაზრდაც იყოს გათვალისწინებული. ანალოგიური მოთხოვნა აქვს ჯო ბაიდენის ადმინისტრაციასაც.
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ტრამპი აცხადებს, რომ თეთრ სახლში დაბრუნების შემთხვევაში უკრაინაში ომს 24 საათში შეაჩერებს. მან განაცხადა, რომ პრეზიდენტად ხელახლა არჩევის შემთხვევაში ის ულტიმატუმს წაუყენებს როგორც პუტინს, ისე ზელენსკისაც.
„მე ვეტყოდი ზელენსკის. გეყოფათ. ჩვენ უნდა გავაფორმოთ შეთანხმება. პუტინს კი ვეტყოდი – თუ შეთანხმებას არ დადებთ, მაშინ ჩვენ უკრაინას ძალიან ბევრს მივცემთ. იმაზე მეტს, ვიდრე მათ ოდესმე მიუღიათ“, – განაცხადა ტრამპმა.