უკრაინული მედიის ცნობით, ჰაკერებმა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდი გატეხეს და მონაცემთა ბაზა მოიპოვეს
უკრაინული მედიის ცნობით, ჰაკერებმა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდი გატეხეს და მონაცემთა ბაზა მოიპოვეს

Anonymous-ის სახელით ცნობილმა ჰაკერების ჯგუფმა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდი გატეხა და მოიპოვა მონაცემთა ბაზა, რომელიც მოიცავს ტელეფონის ნომრებს, ელექტრონული ფოსტის მისამართებსა და სამინისტროს თანამშრომლების ვინაობებს.

ამის შესახებ უკრაინული მედია ჰაკერულ ჯგუფზე დაყრდნობით იტყობინება.

Anonymous-ის თქმით, მთელი მსოფლიოს ჰაკერების ძალები ახლა რუსეთისკენ არის მიმართული.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის გამო, ჰაკერულმა ჯგუფმა რუსეთის ხელისუფლებას ომი გამოუცხადა.

„Anonymous-ის კოლექტივი ოფიციალურად აწარმოებს კიბერომს რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ“, – ნათქვამია გზავნილში, რომელსაც თან ახლავს ჰეშთეგი #Ukraine .

გავრცელებული ინფორმაციიდან მალევე რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა საფრთხის კრიტიკული დონის შესახებ გამოაცხადა. ჰაკერებმა ასევე აღნიშნეს, რომ მათ რუსეთის სახელისუფლებო პროპაგანდისტული ვებგვერდის Russia Today-ის მუშაობაც შეაჩერეს.