უკრაინული მედიის ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთის ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე ოთხი სარაკეტო და ხუთი საჰაერო დარტყმა განახორციელეს
რუსეთის საოკუპაციო ძალები ხერსონის ოლქს ბომბავენ. ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებს.
პარალელურად, უკრაინის არმიის გენშტაბი ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვით, რუსი სამხედროები შეტევით მოქმედებებს ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკისა და ნოვოპავლოვსკის მიმართულებით ახორციელებენ, თუმცა ისინი დიდ ზარალს განიცდიან.
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სუმის რაიონის სასაზღვრო ზონაზეც მიიტანეს იერიში. დაბომბვის შედეგად ნაწილობრივ დაინგრა სამი კერძო სახლი და დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზი.
გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსმა დამპყრობლებმა უკრაინის ტერიტორიაზე ოთხი სარაკეტო და ხუთი საჰაერო დარტყმა განახორციელეს. რუსეთმა 70-ზე მეტი თავდასხმა განახორციელა ხერსონისა და მიკოლაივის რეგიონებში სამოქალაქო ობიექტებზე.