უკრაინული მედია რენდ პოლისა და ვიქტორია სპარცის კონგრესში მანდატების კვლავ მიღებისა და უკრაინისადმი მათი დამოკიდებულების შესახებ წერს
უკრაინული მედია აშშ-ის კონგრესში რენდ პოლისა და ვიქტორია სპარცის მანდატების კვლავ მიღებაზე წერს. რესპუბლიკელმა რენდ პოლმა, რომელმაც მიმდინარე წელს უკრაინისთვის 40 მილიარდიანი დახმარება შეაფერხა, ხმების 61.4 პროცენტი მიიღო. დემოკრატ ჩარლზ ბუკერს კი 38.6 პროცენტი აქვს.
უკრაინული მედია ყურადღებას ამახვილებს, რომ კონგრესმენ რენდ პოლს რესპუბლიკელმა ჯონ მაკეინმა 2016 წელს „კრემლის აგენტი“ უწოდა, რადგან იგი ნატო-ში მონტენეგროს გაწევრიანებას ეწინააღმდეგებოდა. გარდა ამისა, 2018 წელს გავრცელდა ხმები, თითქოს რენდ პოლი ცდილობდა, გამხდარიყო შუამავალი ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის უკრაინის საკითხის მოგვარების პროცესში.
რაც შეეხება ვიქტორია სპარცს, როგორც უკრაინული მედია წერს, ივლისში სპარცმა სთხოვა აშშ-ს პრეზიდენტს ჯო ბაიდენს, მიეწოდებინა განმარტებები ზედამხედველობის პროცედურებზე უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელთან, ანდრეი ერმაკთან დაკავშირებით. კონგრესმენმა უკრაინისადმი ამერიკული სამხედრო დახმარების პროცესში სავარაუდო დაბრკოლებებზე ისაუბრა. ამის შემდეგ აშშ-მა, ევროკავშირმა და ნატო-მ განაცხადეს, რომ უკრაინის მიერ დასავლური იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით პრეტენზია არ აქვთ, ხოლო უმაღლესმა რადამ მხარი დაუჭირა კომისიის შექმნას, რომელიც ზედამხედველობას გაუწევს უკრაინაში დასავლური იარაღის მიწოდებას. რესპუბლიკელმა კონგრესმენმა აშშ-ის შუალედურ არჩევნებში ხმათა 60 პროცენტი აიღო.