უკრაინული მედია - „ხალხის მსახურის“ ფრაქცია დეზორგანიზაციის პირასაა, რამდენიმე ათეულ დეპუტატს მოტივაციის არარსებობის გამო მანდატზე უარის თქმა სურს
უკრაინული მედია - „ხალხის მსახურის“ ფრაქცია დეზორგანიზაციის პირასაა, რამდენიმე ათეულ დეპუტატს მოტივაციის არარსებობის გამო მანდატზე უარის თქმა სურს

უკრაინის მმართველი პარტიის, „ხალხის მსახურის“ ფრაქცია დეზორგანიზაციის პირასაა, რამდენიმე ათეული დეპუტატი მანდატზე უარის თქმის სურვილს გამოხატავს მოტივაციის არარსებობის გამო, – ამის შესახებ უკრაინული გამოცემა „უკრაინსკაია პრავდა“ წერს სტატიაში „საპარლამენტო კრიზისი და ზელენსკის სხვა პრობლემები“.

როგორც მედიასაშუალება წერს, ამჟამინდელი მდგომარეობით, ოფიციალურად, პარტიაში „ხალხის მსახური“ 235 პარლამენტარია. აქედან სხდომებს რეგულარულად ესწრება და აქტიურად მონაწილეობს კენჭისყრაში, დაახლოებით, 170-180 დეპუტატი. დანარჩენები ან ღიად გაემიჯნენ, როგორც ყოფილი სპიკერის, დიმიტრი რაზუმკოვის ჯგუფის 17 დეპუტატი, ან რეგულარულად აცდენენ სხდომებს.

გამოცემის წყაროს ცნობით, პრეზიდენტის ოფისსა და პარლამენტის წევრებს შორის არსებობს გაუგებრობა.

„პრეზიდენტის ოფისსა და პარლამენტს შორის გაუგებრობაა. პრეზიდენტის ოფისი პატივს არ სცემს პარლამენტს. ისინი ფიქრობენ, რომ „მსახურები“ ხმას მისცემენ ყველაფერს, რაც საჭიროა, რადგან ზელენსკიმ მოიყვანა ისინი ხელისუფლებაში. დიახ, მოიყვანა, და რა? ჩვენი კი ფართომასშტაბიანი ომის უკვე ორ წელს გავუძელით. ამიტომ ურთიერთობის ძველი მოდელი უკვე არ მუშაობს. რამე შესაცვლელია. უპირველეს ყოვლისა, ყველა დაიღალა ომით; მეორე, გაჩნდა ბევრი მკაცრი შეზღუდვა, მაგალითად, მივლინებებში წასვლის შეზღუდვა; მესამე – დეპუტატებს არ აქვთ გავლენა სახელმწიფოში მიმდინარე პროცესებზე და ვერ ხედავენ თავიანთ როლს რადაში და იქ ყოფნის აზრს“, – განუცხადა გამოცემას წყარომ.

როგორც „უკრაინსკაია პრავდასთვის“ გახდა ცნობილი, ერთდროულად რამდენიმე ათეულმა დეპუტატმა „ხალხის მსახურიდან“ ფრაქციის ხელმძღვანელობასთან გამოხატა მანდატებზე უარის თქმის სურვილი და ამის მიზეზად მოტივაციის უქონლობა დაასახელა.