უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი ვლადიმირ ზელენსკის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს
უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი, რუსეთში გაქცეული ვიქტორ იანუკოვიჩი ვლადიმირ ზელენსკის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.
იანუკოვიჩის მიმართვას მისი შვილის პრესმდივანი, იური კირასირი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ავრცელებს.
როგორც უკრაინული მედია წერს, სოციალურ ქსელში გავრცელებული განცხადების ავთენტურობა ვიქტორ იანუკოვიჩის ავდოკატმა ვიტალი სერდიუკმაც დაადასტურა.
„გულწრფელად გილოცავთ უკრაინის პრეზიდენტის პოსტზე არჩევას. უკრაინელებმა განდეს თქვენ ეს თანამდებობა ჩვენი ქვეყნისთვის ისტორიის ყველაზე რთულ მომენტში. მშვიდობისმოყვარე უკრაინელი ხალხი გახლეჩილი და რადიკალიზებულია როგორც არასდროს“, – ნათქვამია იანუკოვიჩის მიმართვაში.
ვიქტორ იანუკოვიჩმა დონბასში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებს „ძმათა მკვლელი ომი“ უწოდა, თუმცა რუსეთის აგრესია არ უხსენებია.
„ამ საშინელ ტანჯვაზე პასუხისმგებლობა პეტრო პოროშენკოსა და მის თანამებრძოლებს ეკისრებათ, რომლებიც ამ წლების განმავლობაში სიძულვილისა და ძალადობის პოლიტიკას აწარმოებდნენ. ამომრჩევლებმა მათ ხმის მიცემით უკვე გამოუტანეს ერთმნიშვნელოვანი განაჩენი. ისტორია კი გამოუტანს თავის, უფრო მკაცრ განაჩენს“, – წერს იანუკოვიჩი.
იანუკოვიჩის აზრით, ახლა ვლადიმირ ზელენსკის მთავარი ამოცანა უკრაინაში მშვიდობის დამყარება და უკრაინელი ხალხის შერიგებაა.
„ქედს ვიხრი ბრძენი უკრაინელი ხალხის წინაშე, რომელმაც გაცნობიერებული არჩევანი გააკეთა“, – წერს იანუკოვიჩი.
უკრაინაში ბიულეტენების 96 პროცენტის დათვლის შემდეგ, ვლადიმირ ზელენსკის ხმათა 73,14 პროცენტი აქვს. უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, პეტრო პოროშენკომ 24,53 პროცენტი მიიღო.