უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ, რომ სააკაშვილის ბინაში ჩხრეკა ტარდება
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ, რომ მიხეილ სააკაშვილის ბინაში გენერალური პროკურატურის თანამშრომლები ჩხრეკას ატარებენ. ამის შესახებ უკრაინულ სააგენტო Liga.net-ს უსაფრთხოების სამსახურის სპიკერმა ელენა გიტლიანსკაიამ დაუდასტურა.
„ჩვენი სპეცდანაყოფი უზრუნველყოფს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ქმედებებს“, – განაცხადა გიტლიანსკაიამ.
ამჟამად უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები კოსტლენიაიას ქუჩის #7-ში, 32-ე ბინის კართან დგანან. მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებსა და მათ შორის სიტყვიერი შელაპარაკება მიმდინარეობს.
მიხეილ სააკაშვილის ადგილსამყოფელი, ამ დროისთვის, უცნობია.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც მის სახლთან სპეცრაზმი მივიდა, იგი სახურავზე ავიდა და გადახტომით იმუქრებოდა. სახლის სახურავზე მაშველებიც ავიდნენ.
ბინის შესასვლელთან სპეცდანიშნულების რაზმის წევრები ამ დრომდე რჩებიან.