უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა თავდაცვის სამინისტროში კორუფციული სქემა გაშიფრა, დაკავებულია მაღალჩინოსანი, რომელიც საბრძოლო მასალის შესაძენად გამოყოფილი თანხის მითვისებას ცდილობდა
უკრაინის თავდაცვის სამინისტროში კორუფციული სქემა გაშიფრეს. დაკავებულია მაღალჩინოსანი, რომელიც 1,5 მილიარდი გრივნის (36 მილიონი ევროს) მითვისებას ცდილობდა. აღნიშნული თანხა უკრაინის არმიისთვის საჭირო საბრძოლო მასალის შესაძენად იყო გამოყოფილი.
როგორც უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, კორუფციული სქემის გამოსავლენად ოპერაცია უკრაინის თავდაცვის მინისტრის, რუსტამ უმეროვის მხარდაჭერით ჩატარდა.
გამოძიების ცნობით, ეჭვმიტანილმა პირმა, რომლის სახელი არ გასაჯაროებულა, 2022 წლის დეკემბერში გააფორმა შეთანხმება ექსპორტიორ კომპანიასთან საარტილერიო ჭურვების შესაძენად. შემდგომში ამ კონტრაქტით 1,5 მილიარდი ევრო „უსაფუძვლოდ“ გადაირიცხა საზღვარგარეთ, ხოლო უკრაინის არმიას საბრძოლო მასალა არ მიუღია. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ეჭვმიტანილ პირს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
მოგვიანებით, თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში განაცხადეს, რომ მითვისებული თანხის დაბრუნებაზე მუშაობენ.