უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ ქვეყნიდან გაქცეულ დეპუტატს, ანდრეი ოდარჩენკოს რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ ქვეყნიდან გაქცეულ დეპუტატს, ანდრეი ოდარჩენკოს რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ ქვეყნიდან გაქცეულ დეპუტატს, ანდრეი ოდარჩენკოს ინფრასტრუქტურის აღდგენისა და განვითარების სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელის მოსყიდვის მცდელობის საქმეზე რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ამასთან, სასამართლომ ოდარჩენკოს ქონების კონფისკაციის განკარგულება გასცა და სახელმწიფო თანამდებობების დაკავება სამი წლით აუკრძალა.

განაჩენის გასასაჩივრებლად დაცვის მხარეს 30-დღიანი ვადა აქვს.

ანდრეი ოდარჩენკოს ანტიკორუფციულმა პროკურატურამ და ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ ბრალი 2023 წლის ნოემბერში წარუდგინეს.

გამოძიების ცნობით, ის ინფრასტრუქტურის აღდგენისა და განვითარების სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელის, მუსტაფა ნაიემის მოსყიდვას ცდილობდა. კერძოდ, დეპუტატი მას ქრთამს სთავაზობდა შეიარაღებული აგრესიის შედეგების ლიკვიდაციის ფონდიდან თანხის გამოყოფის სანაცვლოდ იმ უნივერსიტეტის შენობის რემონტისთვის, სადაც ოდარჩენკო რექტორის თანამდებობას იკავებდა.

გასული წლის ნოემბერშივე დეპუტატი წინასწარი პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.

ოდარჩენკოს ქვეყნიდან გასვლა ჰქონდა აკრძალული და კონტროლის ელექტრონული საშუალების ტარება ევალებოდა.

2024 წლის 19 სექტემბერს უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ დეპუტატის მიმართ საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ანდრეი ოდარჩენკო რუმინეთში გაიქცა, სადაც თავშესაფარი ითხოვა.