უკრაინის უმაღლესი რადა აშშ-ის კონგრესს მოუწოდებს, გამოიყენოს ყველა ინსტრუმენტი გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი 2-ის“ მშენებლობის წინააღმდეგ სანქციების დასაწესებლად
უკრაინის უმაღლესი რადა აშშ-ის კონგრესს მოუწოდებს, გამოიყენოს ამერიკული კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა ინსტრუმენტი გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი 2-ის“ მშენებლობის ყველა მონაწილის წინააღმდეგ სანქციების დასაწესებლად.
როგორც უკრაინული მედია იტყობინება, შესაბამის განცხადებას უმაღლესი რადას 292-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
განცხადებაში რადას წევრები გაზსადენს „რუსეთის გეოპოლიტიკურ პროექტს“ უწოდებენ. უკრაინელი დეპუტატები აღნიშნავენ, რომ აფასებენ აშშ-ის კატეგორიულ პოზიციას გაზსადენის მშენებლობის დასრულების წინააღმდეგ. თუმცა ამავე დროს ისინი შეშფოთებას გამოთქვამენ, რომ 2021 წლის 19 მაისს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ კონგრესისთვის წარდგენილი ანგარიში არ ითვალისწინებს გაზსადენის ოპერატორი კომპანიისთვის და მისი ხელმძღვანელისთვის სანქციების დაწესებას.
უკრაინის რადაში მიიჩნევენ, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ პროექტის განხორციელების მცდელობები არის ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რომელიც მიმართულია უკრაინის დამოუკიდებლობისა და გეოპოლიტიკური პოზიციების ხელყოფისკენ.
უმაღლესი რადას განცხადებით, გაზსადენის „ჩრდილოეთ ნაკადი 2-ის“ მშენებლობის მიზანია უკრაინის ტერიტორიის გვერდის ავლა, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებზე ზეწოლის მექანიზმის შექმნა, ტრანსატლანტიკური ერთიანობისთვის ძირის გამოთხრა და ევროკავშირის ქვეყნების რუსულ გაზზე დამოკიდებულების გაზრდა.
როგორც გუშინ გახდა ცნობილი, თეთრმა სახლმა უარი თქვა „ჩრდილოეთ ნაკადი 2-ის“ ოპერატორი კომპანიის Nord Stream 2 AG-ისა და მისი ხელმძღვანელის, რუსეთის პრეზიდენტის მოკავშირის მატიას ვარნიგის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება კრემლმა პოზიტიურ სიგნალად შეაფასა.