უკრაინის დაზვერვის სამმართველო - რუსი ოკუპანტები ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს თანდათან ტოვებენ, ევაკუაციის მითითება მიიღო უკრაინელი თანამშრომლების ნაწილმაც
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ცნობით, რუსი ოკუპანტები ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს თანდათან ტოვებენ, სადგურის თანამშრომელთა ნაწილმა ასევე მიიღო მითითება, 5 ივლისამდე დატოვონ ატომური სადგური. ამის შესახებ უკრაინის დაზვერვა ტელეგრამარხში წერს.
„ბოლო მონაცემებით, საოკუპაციო კონტინგენტი თანდათან ტოვებს ზაპოროჟიეს ბირთვული ელექტროსადგურის ტერიტორიას. ერთ-ერთმა პირველმა სადგური დატოვა „როსატომის“ სამმა თანამშრომელმა, რომლებიც ხელმძღვანელობდნენ რუსების მოქმედებებს. ასევე, ევაკუაციის რეკომენდაცია მიიღეს უკრაინელმა თანამშრომლებმა, რომლებმაც „როსატომთან“ კონტრაქტებს ხელი მოაწერეს. მიღებული მითითებების თანახმად, ისინი 5 ივლისამდე უნდა წავიდნენ“, – ნათქვამია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს განცხადებაში.
უკრაინის დაზვერვის ცნობით, ოკუპანტები სადგურის თანამშრომლებს ყირიმის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას ურჩევენ.
არსებული ინფორმაციით, ნახევარკუნძულზე უკვე გაემგზავრნენ სადგურის იურიდიული განყოფილების უფროსი, მთავარი ინსპექტორი და სადგურის უზრუნველყოფის ხელმძღვანელის მოადგილე.
ცნობისთვის, 20 ივნისს უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსმა, კირილ ბუდანოვმა განაცხადა, რომ ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე არის აფეთქების ან ავარიის საფრთხე, რადგან ოკუპანტებმა დამატებით დანაღმეს გამაგრილებელი სისტემა. მოგვიანებით, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი, სავარაუდოდ, ზაპოროჟიეს ბირთვულ სადგურზე ტერაქტს ამზადებს.