უკრაინის შს მინისტრის მრჩეველი - „ჰოსტომელის“ აეროპორტი უკრაინის შეიარაღებულმა დანაყოფებმა რუსული საოკუპაციო ძალებისგან დაიბრუნეს
დედაქალაქ კიევის სიახლოვეს მდებარე „ჰოსტომელის“ აეროპორტი უკრაინის შეიარაღებულმა დანაყოფებმა რუსული საოკუპაციო ძალებისგან დაიბრუნეს. ამის შესახებ უკრაინული მედია ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველზე, ანტონ გერაშენკოზე დაყრდნობით იტყობინება.
„ჰოსტომელი“ პირველი დიდი გამარჯვება! ერთი საათის წინ ჩვენმა მედესანტეებმა ვერტმფრენებით დაამუშავეს აეროდრომი „ჰოსტომელი“. შემდეგ დაეშვნენ და აეროდრომი მტრისგან გაწმინდეს“, – დაწერა გერაშენკომ „ფეისბუქზე“.
მისი თქმით, რუსი მედესანტეები „მიმდებარე ტყეებსა და მინდვრებში მიმოიფანტნენ“.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსმა სამხედროებმა „ჰოსტომელის“ აეროპორტზე კონტროლი დაამყარეს. აეროპორტი უკრაინის დედაქალაქ კიევის მახლობლად მდებარეობს.