უკრაინის შს მინისტრის მოადგილე - ერთ-ერთ დასახლებაში პოლიციელების მხრიდან ძალადობის შემთხვევის გამო მინისტრის გადადგომის საფუძველს ვერ ვხედავ
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ანატოლი გერაშჩენკოს თქმით, დასახლება კაგარლიკში მომხდარი შემთხვევა, რა დროსაც გავრცელებული ცნობით, პოლიციელებმა რამდენიმე ადამიანზე იძალადეს, უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი, არსენი ავაკოვის გადადგომის, საფუძველს არ წარმოადგენს. ეს განცხადება გერაშნეკომ უკრაინულ ტელეარხ „1+1“-ის ეთერში გააკეთა.
„ამ შემთხვევაში ეს უსაფუძვლო იქნებოდა, რადგან ჩვენ ვაშენებთ სისტემას, რომელიც კაგარლიკში მომხდარი შემთხვევების მსგავს სიტუაციებზე სათანადოდ რეაგირებს. ექვსი წლის წინ, ასეთ ფაქტებს უბრალოდ მალავდნენ. ჩვენ კი სხვა პოზიცია გვაქვს. წამება და ძალადობა მიუღებელია“, – განაცხადა გერაშჩენკომ.
გამოძიებამ დაადგინა, რომ 24 მაისს, კიევის სიახლოვეს, დასახლება კაგარლიკში ორმა პოლიციელმა ახალგაზრდა ქალი გააუპატიურა, ხოლო მამაკაცს სცემა. ორივე ეჭვმიტანილი დაკავებულია. პოლიციის განყოფილების ყველა თანამშრომელი სამსახურიდან დაითხოვეს.