უკრაინის შს მინისტრი - უკრაინიდან ყოველდღიურად სამხედრო ასაკის ათობით მამაკაცი ცდილობს არალეგალურად საზღვრის გადაკვეთას ევროკავშირის მიმართულებით, უკრაინა მუშაობს მათ დაბრუნებაზე
უკრაინიდან ყოველდღიურად ათობით სამხედრო ასაკის მამაკაცი ცდილობს არალეგალურად საზღვრის გადაკვეთას. უკრაინა ევროკავშირის ქვეყნებთან აწარმოებს მოლაპარაკებებს მოქალაქეების დაბრუნებაზე, რომლებმაც შეძლეს საზღვრის გადაკვეთა, – ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა, იგორ კლიმენკომ განაცხადა.
როგორც კლიმენკო ამბობს, ისინი კონსულტაციებს აწარმოებენ ევროკავშირში კოლეგებთან, თუმცა თითოეული ქვეყანა მოქმედებს ევროკომისიის კანონებისა და წესების მიხედვით, ამიტომ ეს მოლაპარაკებები მომავალშიც გაგრძელდება.
ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე, არის თუ არა ევროკავშირის პოზიცია ერთსულოვანი, რომ არ დააბრუნონ ეს ადამიანები უკრაინაში, მინისტრმა უპასუხა რომ „ძირითად შემთხვევაში ასეა“.
შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, ყოველდღიურად ათობით მამაკაცი ცდილობს უკანონო გზებით, მათ შორის, მდინარე ტისას გადალახვით ან ტყეების გავლით ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლას. კლიმენკომ არ დააკონკრეტა ომის დაწყების შემდეგ საზღვარზე დაკავებული სამხედრო ასაკის მამაკაცების რიცხვი და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს საიდუმლო ინფორმაციაა.