უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი - ბახმუტი კვლავ საბრძოლო მოქმედებების ეპიცენტრია
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი აცხადებს, რომ ბახმუტი კვლავ საბრძოლო მოქმედებების ეპიცენტრია. ამის შესახებ ნათქვამია გენშტაბის მიერ დილით გამოქვეყნებულ ანგარიშში.
„მოწინააღმდეგე განაგრძობს ძირითადი ძალისხმევის კონცენტრირებას კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკისა და მარინკის მიმართულებებზე. სულ, გასული დღე-ღამის განმავლობაში ფრონტის აღნიშნულ მონაკვეთებზე 53 საბრძოლო შეტაკება მოხდა, საბრძოლო მოქმედებების ეპიცენტრში რჩებიან ბახმუტი და მარინკა“, – ნათქვამია გენშტაბის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ გუშინ კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელმა, ევგენი პრიგჟინმა განაცხადა, რომ რუსეთის ძალებმა ბახმუტი სრულად დაიკავეს. მოგვიანებით ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომაც განაცხადა.
უკრაინის თავდაცვის უწყებაში კი აცხადებენ, რომ ბახმუტში შექმნილი კრიტიკული სიტუაციის მიუხედავად, უკრაინელი სამხედროები ცალკეულ ობიექტებს აკონტროლებენ.
უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის სარდლობის სპიკერის, სერგეი ჩერევატის განცხადებით, პრიგოჟინს ბახმუტის სრული დაკავების შესახებ განცხადებით სურს, რაც შეიძლება მალე გაიყვანოს თავისი დაქირავებული მებრძოლები ქალაქიდან, რადგან „ვაგნერის“ დაჯგუფება განადგურებულია და მან თავისი საუკეთესო მებრძოლები დაკარგა.