უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი საომარ მოქმედებებთან დაკავშირებით დილის მონაცემებს აქვეყნებს
რუსეთის შემოჭრის საპასუხოდ, უკრაინელი ხალხის გმირული წინააღმდეგობის მეშვიდე დღე მიმდინარეობს, – ამის შესახებ უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ოპერატიულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება.
გენერალური შტაბის ცნობებში მითითებულია, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ სამხედრო ოლქის დანაყოფები 13 ერთეული ჯავშანტრანსპორტიორის გამოყენებით ცდილობენ, განაგრძონ შეტევა გორენიჩის, ჰოსტომელის, დემიდოვის გასწვრივ კიევის მიმართულებით, რათა დედაქალაქი ჩრდილოეთიდან და ჩრდილო-დასავლეთიდან დაიკეტოს.
„სივერსკის მიმართულებით საოკუპაციო ძალების 17 ერთეულამდე ჯავშანტრანსპორტიორი ცოცხალი ძალისა და აღჭურვილობის დანაკარგების მიუხედავად, განაგრძობს შეტევით ოპერაციებს, რათა დაბლოკოს კიევი ჩრდილო-აღმოსავლეთიდან. დამპყრობლები შეჩერებული არიან კოზელეცის, ბობროვიცას, მაკეევის მიდამოებში. სვიტილნიას, პერემოგის, ოსტროლუჩიეს დასახლებების მიმართულებით მტრის ჯარებმა შეტევითი პოტენციალი დაკარგეს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
გენერალური შტაბის ცნობებში ასევე აღნიშნულია, რომ მტრის ჯარებს ორი ერთეული ჯავშანტრანსპორტიორის ძალებით წარუმატებელი მცდელობები ჰქონდათ უკრაინის ქალაქების: სუმის, ლებედინისა და ახტირკას ალყაში მოსაქცევად. 16 ერთეულამდე ჯავშანტრანსპორტიორი აგრძელებს შეტევით ოპერაციას კრასნოგრადის მიმართულებით და ოთხ ერთეულამდე ჯავშანტრანსპორტიორის გამოყენებით ხდება შეტევა იზიუმის მიმართულებით.
„ოკუპანტებმა დანაკარგები განიცადეს და უკრაინულმა ძალებმა ისინი შეაჩერეს ბოგოდუხოვის, ჩუგუევის, შევჩენკოვოს დასახლებებთან. დონეცკის მიმართულებით წარუმატებლობის გამო, აგრესორმა ძალისხმევა გადაიტანა ქალაქ მარიუპოლის ბლოკირებაზე. ტავრიჩესკის მიმართულებით მტერი აგრძელებს შეტევით ოპერაციას სკადოვსკის, გოლაია პრისტანის, ხერსონის, სნიგირევკას, ნოვაია კახოვკას დასახლებებზე. გადაჯგუფების შემდეგ ის აგრძელებს მოძრაობას ხერსონისა და ნიკოლაევის მიმართულებით. ორი ერთეული ჯავშანტრანსპორტიორი მოქმედებს ვასილიევკას, კრასნოიე პოლეს, ნოვოპეტროვკას რაიონებში. შავი ზღვის ოპერატიულ ზონაში მტერი ათავსებს საზღვაო დაჯგუფებას და აგრძელებს მზადებას საზღვაო დესანტირებისთვის.
ძალების წინსვლაში წარმატების გარეშე, მტერი კვლავ აგრძელებს სარაკეტო და საარტილერიო დაბომბვას კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე, რათა დააშინოს მშვიდობიანი მოსახლეობა, რომელიც უკრაინული ძალების გვერდიგვერდ ეწინააღმდეგება საოკუპაციო ძალებს. ჩვენი ჯარების სტაბილური თავდაცვის გამო მტრის მორალური მხნეობა და გამარჯვების ნებელობა სწრაფად იკლებს. დამპყრობლები დანაკარგს განიცდიან ყველა მიმართულებით“, – ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციაში.