უკრაინის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ რუსული წყალქვეშა ნავის, „დონის როსტოვის“ ჩაძირვა შეძლეს
უკრაინის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ შეძლეს რუსული წყალქვეშა ნავის, „დონის როსტოვის“ ჩაძირვა. აღნიშნული ნავი რუსეთის მიერ უკანონოდ ანექსირებულ სევასტოპოლში შეკეთების მიზნით იყო გაჩერებული.
უკრაინის შეიარაღებულ ძალებში ამტკიცებენ, რომ წყალქვეშა ნავი სარაკეტო დარტყმის შედეგად გაანადგურეს. კონკრეტულად როდის განხორციელდა ეს დარტყმა, უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები არ ასახელებენ, თუმცა, სავარაუდოდ, 2 აგვისტოს, ღამით მოხდა.
„დონის როსტოვი“ შედარებით ახალი რუსული წყალქვეშა ნავია. ის 2014 წელს ჩაუშვეს წყალში. 2023 წლის სექტემბერში უკრაინის არმიის იერიშის შედეგად წყალქვეშა ნავი დაზიანდა, რის შემდეგაც სევასტოპოლში იყო გაჩერებული. წყალქვეშა ნავს, „დონის როსტოვს“ შეუძლია, გადაიტანოს „კალიბრის“ ტიპის ოთხი ფრთოსანი რაკეტა.