უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელი - მადლობა ქართველ მეგობრებს, დარწმუნებული ვარ, ერთად დავიბრუნებთ თქვენს და ჩვენს თავისუფლებას, გაუმარჯოს საქართველოს

საქველმოქმედო მარათონთან დაკავშირებით – „ჩვენ უკრაინისთვის“, რომელსაც საქართველოში პირველი არხი დღეს, 22:00 საათზე მართავს, ქართველი აუდიტორიისადმი მიმართვას ავრცელებს უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი მიკოლა ჩერნოტიცკი.

მიკოლა ჩერნოტიცკი მადლობას უხდის საქართველოს მხარდაჭერისთვის.

„ძვირფასო ქართველო მეგობრებო, ჩვენ მადლობელი ვართ თქვენი მხარდაჭერისთვის. უკრაინელები ყოველდღე იბრძვიან თავისი დამოუკიდებლობისთვის. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ უფრო ვძლიერდებით იმ მხარდაჭერით, რასაც თქვენგან ვიღებთ. ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ აგრესორის წინააღმდეგ, რომელიც 2008 წელს საქართველოს დაესხა თავს, 2014 და 2022 წლებში კი, უკრაინას. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ერთად დავიბრუნებთ თქვენს და ჩვენს თავისუფლებას. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. გაუმარჯოს საქართველოს!“ – აცხადებს უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელი.

საქართველოს პირველი არხი, წითელ ჯვართან ერთად, უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად და უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებლის სოლიდარობის ნიშნად, საქველმოქმედო მარათონს – „ჩვენ უკრაინისთვის“ გამართავს. ეს არის საზოგადოებრივი მაუწყებლების სოლიდარობის აქცია მთელ ევროპაში, მარათონმა სტარტი ვარშავაში აიღო, დღეს თბილისსა და პრაღაში, შემდეგ ტალინსა და ბუქარესტში, ასევე მთელი ევროპის ყველა დედაქალაქში საქველმოქმედო მარათონები გაიმართება, მიზანი კი ერთია – უკრაინელი ხალხის დახმარება.