უკრაინის სამხედრო საზღვაო ძალების მეთაური მზად არის, რუსეთს ჩაბარდეს, თუ მოსკოვი ქერჩის სრუტეში დაკავებულ მეზღვაურებს გაათავისუფლებს
უკრაინის სამხედრო საზღვაო ძალების მეთაური მზად არის, რუსეთს ჩაბარდეს, თუ მოსკოვი ქერჩის სრუტეში დაკავებულ მეზღვაურებს გაათავისუფლებს

უკრაინის სამხედრო საზღვაო ძალების მეთაური, იგორ ვორონჩენკო მზად არის, რუსეთს ჩაბარდეს, თუ სანაცვლოდ მოსკოვი ქერჩის სრუტეში დაკავებულ 24 უკრაინელ მეზღვაურს გაათავისუფლებს. ეს განცხადება იგორ ვორონჩენკომ გერმანულ გამოცემა Bild-თან ინტერვიუში გააკეთა.

„მე გული მისკდება, როდესაც ვხედავ ჩემს სამხედროებს, რომლებიც რუსეთის მიერ უკანონოდ არიან დაკავებულები“, – აცხადებს ვორონჩენკო.

ამავე ინტერვიუში ადმირალი აცხადებს, რომ ნატო-ს გემების აზოვის ზღვაში გაგზავნა სიტუაციის დეესკალაციას ხელს ვერ შეუწყობს.

„2003 წლის შეთანხმებით, აზოვის ზღვაში ხომალდების შესვლის ნებართვა უკრაინამ და რუსეთმაც უნდა გასცენ. ამიტომ, უკრაინას რომც უნდოდეს, ამერიკული ხომალდები აზოვის ზღვაში ვერ მოხვდებიან“, – განაცხადა ვორონჩენკომ.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის „ეფ-ეს-ბემ“ ქერჩის სრუტეში მოძრავი უკრაინული ხომალდები 25 ნოემბერს დააკავა. მოსკოვი უკრაინას საზღვრის უკანონო კვეთაში ადანაშაულებს. ეს ბრალდება წაუყენეს დაკავებულ 24 უკრაინელ მეზღვაურს. ისინი ამ დრომდე რუსეთში რჩებიან.

ამერიკის შეერთებული შტატები, ნატო და ევროკავშირი მოუწოდებენ რუსეთს, გაათავისუფლოს უკრაინელი სამხედროები და გემები.