უკრაინის სამხედრო საჰაერო ძალებში აცხადებენ, რომ რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 40 რაკეტა და უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა, თუმცა უმრავლესობამ სამიზნეს ვერ მიაღწია
უკრაინის სამხედრო საჰაერო ძალებში აცხადებენ, რომ რუსეთმა მორიგი მასირებული იერიში მიიტანა უკრაინაზე.
მათივე ცნობით, 13 იანვარს რუსეთმა უკრაინის ტერიტორიის მიმართულებით 40 რაკეტა და უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა, თუმცა უმრავლესობამ სამიზნეს ვერ მიაღწია.
როგორც უკრაინელი სამხედროები იუწყებიან, რუსეთმა გამოიყენა როგორც ბალისტიკური, ისე ფრთოსანი და საავიაციო რაკეტები. ასევე შეტევითი უპილოტო საფრენი აპარატები, რომელთაგან რვა უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს. ასევე განადგურებულია შვიდი ფრთოსანი და ერთი მართვადი საავიაციო რაკეტა.
ამასთან, უკრაინელი სამხედროების განცხადებით, 20-მა რაკეტამ და უპილოტო საფრენმა აპარატმა, რომელთა ჩამოგდებაც ვერ მოხერხდა, ასევე ვერ მიაღწია სამიზნეს, რადგან უკრაინამ რადიოელექტრონული თავდაცვის საშუალებები გამოიყენა.
„ბიბისის“ ცნობით, 13 იანვარს საჰაერო იერიშის გამო განგაში იყო გამოცხადებული კიევში, ასევე ვინიცის, დნეპროპეტროვსკის, ჟიტომირის, კრივოგრადის, პოლტავის, სუმის, ხარკოვის, ჩერკასისა და ჩერნიჰივის ოლქებში.