უკრაინის სამხედრო დაზვერვა - უკრაინაში ახლა საარტილერიო ომი მიმდინარეობს და ყველაფერი დამოკიდებულია დასავლეთის დახმარებაზე
უკრაინის სამხედრო დაზვერვა - უკრაინაში ახლა საარტილერიო ომი მიმდინარეობს და ყველაფერი დამოკიდებულია დასავლეთის დახმარებაზე

უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილის, ვადიმ სკიბიცკის განცხადებით, უკრაინამ უკვე ფაქტობრივად ამოწურა რუსული და საბჭოთა წარმოების საბრძოლო მასალის მარაგი და მხოლოდ დასავლეთის დახმარებაზეა დამოკიდებული.

„ეს საარტილერიო ომია და ჩვენ ამ ბრძოლას ვაგებთ. ყველაფერი ახლა დამოკიდებულია იმაზე, რას მოგვცემს დასავლეთი. უკრაინის ერთი საარტილერიო დანადგარის საპირწონედ, რუსეთს 10-15 დანადგარი აქვს. ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა მათ ხელთ არსებული შეიარაღების მხოლოდ 10% გადმოგვცეს. ჩვენ თითქმის სრულად გამოვიყენეთ საარტილერიო საბრძოლო მასალის მარაგი და ახლა ნატო-ს სტანდარტების ჭურვებს ვიყენებთ“, – განაცხადა სკიბიცკიმ.

ამასთან, მანამდე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკრაინამ ფაქტობრივად ამოწურა საარტილერიო საბრძოლო მასალის მარაგები, სააგენტო „ფრანს პრესმაც“ გაავრცელა.