უკრაინის სახალხო დამცველის განცხადებით, რუსეთის აგრესიას 71 ბავშვი ემსხვერპლა
რუსეთის აგრესიას 71 ბავშვის სიცოცხლე შეეწირა, 100-ზე მეტი ბავშვი კი დაიჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში უკრაინის სახალხო დამცველი ლუდმილა დენისოვა ავრცელებს.
„ფეისბუქის“ პირად გვერდზე აღნიშნული ინფორმაციის გამოქვეყნებისთანავე, დენისოვამ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრებს თხოვნით მიმართა, დაუყოვნებლივ ჩაკეტონ უკრაინის ცა და ამგვარად შეაჩერონ რუსული ტერორიზმი.
შეგახსენებთ, რომ რუსულმა ავიაციამ მარიუპოლში გუშინ ბავშვთა საავადმყოფო და სამშობიარო დაბომბა. ავიაიერიშის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის მცირეწლოვანი.
უკრაინის პრეზიდენტმა მომხდარი სამხედრო დანაშაულად შეაფასა.