უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსეთმა სამი „კინჟალის“ ტიპის ბალისტიკური რაკეტით უკრაინაზე იერიში მიიტანა
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსეთმა სამი „კინჟალის“ ტიპის ბალისტიკური რაკეტით უკრაინაზე იერიში მიიტანა

უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, რუსეთის ძალებმა უკრაინაზე იერიში მიიტანეს სამი „კინჟალის“ ტიპის ბალისტიკური რაკეტით. უკრაინული მხარის ცნობით, ერთ-ერთი მათგანის სამიზნე იყო ხმელნიცკის ოლქში მდებარე სტაროკონსტანტინოვის აეროდრომი. დარტყმის შედეგად მიყენებული ზიანის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, კიევის ოლქში საჰაერო თავდაცვის საშუალებებმა მოახერხეს კიდევ ორი ბალისტიკური რაკეტის ჩამოგდება.

რაკეტები ტამბოვის ოლქიდან მიგ-31-ის ტიპის თვითმფრინავებიდან გაუშვეს, რომლებიც სავასლეიკას აეროდრომიდან აფრინდნენ.

გარდა ამისა, უკრაინის საჰაერო სივრცეში გაანადგურეს 32 შაჰედის ტიპის საბრძოლო დრონი, კიდევ 37 უპილოტო საფრენი აპარატი უკრაინის სხვადასხვა რეგიონში ჩამოვარდა.

7 ოქტომბრის ღამის განმავლობაში რუსეთმა უკრაინის მიმართულებით გაუშვა „ისკანდერ-მ“ ტიპის ბალისტიკური რაკეტა, X-59 მართვადი საავიაციო რაკეტა, ასევე დაუდგენელი ტიპის რაკეტა კურსკისა და ბელგოროდის ოლქებიდან.

ხმელნიცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციაში დაადასტურეს, რომ „სამოქალაქო და კრიტიკულ ინფრასტრუქტურას რაკეტა არ მოხვედრია“. სამხედრო ადმინისტრაციის განცხადებაში სამხედრო ინფრასტრუქტურა არ იყო ნახსენები.

სტაროკონსტანტინოვში მდებარე დიდ სამხედრო აეროდრომზე დარტყმა რუსეთმა არაერთხელ მიიტანა. ერთ-ერთი იერიში განხორციელდა 2023 წლის დეკემბერში. ეს აეროდრომი უკრაინაში ერთ-ერთი ყველაზე კარგად აღჭურვილია, აქვს სპეციალურად გამაგრებული თავშესაფრები სადგომისთვის და შესაბამისი ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი. „როიტერთან“ საუბარში სამხედრო ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ რუსეთი, სავარაუდოდ, მიზანში იღებს უკრაინული აეროდრომების ინფრასტრუქტურას, რათა გაართულოს უკრაინისთვის დასავლური F-16 ავიაგამანადგურებლების ექსპლუატაციის შესაძლებლობა.