უკრაინის საგარეო უწყებაში პოლონეთის ელჩის დაბარების შემდეგ, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში უკრაინის ელჩი დაიბარეს
უკრაინის საგარეო უწყებაში პოლონეთის ელჩის დაბარების შემდეგ, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში უკრაინის ელჩი დაიბარეს

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში პოლონეთის ელჩის დაბარების შემდეგ, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინის ელჩი დაიბარა, – ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.

„პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იტყობინება, რომ უკრაინის ელჩი პოლონეთში მიწვეულია საგარეო საქმეთა სამინისტროს შტაბბინაში უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებთან დაკავშირებით“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სხვა დეტალები არ დაუკონკრეტებია.

მანამდე, პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლის განცხადების შემდეგ, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში პოლონეთის ელჩი ბარტოშ ციხოცკი დაიბარეს. საგარეო უწყების ოფიციალურმა სპიკერმა, ოლეგ ნიკოლენკომ განაცხადა, რომ სამინისტროში გამართული შეხვედრისას პოლონელ დიპლომატს უთხრეს, რომ განცხადება უკრაინელთა უმადურობის შესახებ არ შეესაბამება სინამდვილეს და მიუღებელია.

​შეგახსენებთ, პოლონეთის სახელმწიფო მდივანმა და პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საგარეო პოლიტიკის საკითხებზე მომუშავე ოფისის ხელმძღვანელმა, მარჩინ პშიდიჩმა უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის ბლოკირების საკითხზე საუბრისას განაცხადა, რომ კარგი იქნება, თუ კიევი პოლონეთის დახმარების როლს დააფასებს. უკრაინის პრეზიდენტის ოფისში აღნიშნულ განცხადებას უსაფუძვლო უწოდეს.