უკრაინის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ საელჩოების თანამშრომლებისა და მათი ოჯახის წევრების უკრაინიდან ევაკუაციის შესახებ მხოლოდ ოთხმა ქვეყანამ აცნობა
უკრაინის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ საელჩოების თანამშრომლებისა და მათი ოჯახის წევრების უკრაინიდან ევაკუაციის შესახებ მხოლოდ ოთხმა ქვეყანამ აცნობა

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს საელჩოების თანამშრომლებისა და მათი ოჯახის წევრების უკრაინიდან ევაკუაციის შესახებ მხოლოდ ოთხმა ქვეყანამ აცნობა, – ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„უკრაინის ტერიტორიაზე განთავსებულია უცხო ქვეყნების 129 საელჩო და საკონსულო დაწესებულება, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობები. 24 იანვრის მდგომარეობით, მხოლოდ ოთხმა სახელმწიფომ აცნობა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების ნაწილისა და მათი ოჯახის წევრების ევაკუაციის გეგმის ან მათთვის უკრაინის ტერიტორიის ნებაყოფლობით დატოვების ნებართვის შესახებ: აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა, ავსტრალიამ და გერმანიამ“, – ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

უწყების განცხადებით, დანარჩენი სახელმწიფოები, ევროკავშირი, ეუთო, ევროპის საბჭო, გაერო, ნატო და სხვა საერთაშორისო და რეგიონული ორგანიზაციების წარმომადგენლობები ატყობინებენ სამინისტროს, რომ მოცემულ ეტაპზე პერსონალის შემცირებას ან ევაკუაციის განხორციელებას არ გეგმავენ, აღნიშნული ნაბიჯისთვის საკმარისი მიზეზების არარსებობის გათვალისწინებით.

„მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ პოზიციას იზიარებენ ის ქვეყნებიც, რომელთა დიპლომატიური წარმომადგენლობები განლაგებულია ჩვენი სახელმწიფოს რეგიონებში, რომლებიც რუსეთის ფედერაციის ტერიტორიას ესაზღვრება“, – აღნიშნავენ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

უკრაინის საგარეო უწყება მადლობა უხდის საერთაშორისო პარტნიორებს, რომლებიც ფხიზლად აფასებენ შექმნილ სიტუაციას და არ მიმართავენ ნაადრევ საევაკუაციო გეგმებს. „ეს არის უკრაინისადმი სოლიდარობის ნამდვილი გამოვლინება“, – ნათქვამია განცხადებაში.

სამინისტროში აღნიშნავენ, რომ ახლა მნიშვნელოვანია ისეთი ნაბიჯების თავიდან აცილება, რომლებიც შესაძლოა, გამოყენებულ იქნას საინფორმაციო სივრცეში საზოგადოებაში დაძაბულობის გასაძლიერებლად და ეკონომიკური და ფინანსური სიტუაციის დესტაბილიზაციისთვის.

„უკრაინისა და მისი პარტნიორების ძალა ერთობაშია“, – ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.