უკრაინის საგარეო უწყებამ ელჩი იგორ კიზიმი ბელარუსიდან კონსულტაციებისთვის გაიწვია
უკრაინის საგარეო უწყებამ ელჩი იგორ კიზიმი ბელარუსიდან კონსულტაციებისთვის გაიწვია

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბელარუსში უკრაინის ელჩი, იგორ კიზიმი კონსულტაციებისთვის კიევში გაიწვია.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დიმიტრი კულებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

კულებას განცხადებით, გასულ კვირას ოფიციალურმა მინსკმა რუსული სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დაკავებული მებრძოლები რუსეთს გადასცა, იმის მიუხედავად, რომ არსებობდა ყველა სამართლებრივი და მორალური საფუძველი, რომ ისინი უკრაინისთვის გადაეცათ.

„ამ ნაბიჯმა შელახა ნდობა ჩვენს ქვეყნებს შორის და მძიმე დარტყმა მიაყენა ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს. ამასთან, ალექსანდრ ლუკაშენკომ არაერთხელ და სრულიად უსაფუძვლოდ დაადანაშაულა უკრაინა ბელარუსის წინააღმდეგ არამეგობრულ ნაბიჯებში“, – განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მისივე განმარტებით, ახალი საფრთხეები მომდინარეობს ბელარუსში შექმნილი სიტუაციის დარეგულირებაში რუსეთისა და კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის შესაძლო აქტიური ჩართვის შესახებ ოფიციალური შეტყობინებებიდან.

„აღნიშნული ფაქტებისა და ქმედებების ერთობლიობა, ასევე ბელარუსში მოვლენების განვითარება, მთლიანად ცვლის სიტუაციას ბელარუსულ-უკრიანულ ურთიერთობებში“, – აღნიშნა მინისტრმა.

კულებას თქმით, კიევი პირველად მიმართავს ამგვარ ზომებს ბელარუსთან ურთიერთობებში და ამას მხოლოდ მინსკის დაუშვებელი ქმედებების გამო აკეთებს.